logo
ENG



"აჩვენეთ ერთგულება EU-ს ღირებულებების მიმართ" - საბჭოს გენერალური სამდივნო საქართველოზე

13 დეკ 202308:50
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საბჭოს გენერალური სამდივნო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, გააგრძელოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.

ნათქვამია, რომ საბჭო ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, საბჭო საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი შეაფერხოს. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, განსაკუთრებით, სასამართლოს, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუციების სრული დამოუკიდებლობა, ასევე, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. 

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ძირითადი უფლებების, მათ შორის, მედიის, აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლებისა და პლურალიზმის სრული პატივისცემის აუცილებლობაზე.

ანგარიშის თანახმად, საბჭო მიესალმება, საერთო ჯამში, კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ ეს ელემენტები საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისთვის მყარ საფუძველს აძლევს. 

"გარდა ამისა, საბჭო ამბობს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს უზრუნველყოფს რეფორმების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებში", – ვკითხულობთ დასკვნაში.

საბჭო დეზინფორმაციაზე საუბრობს და მოუწოდებს საქართველოს, გადადგას ნაბიჯები მის წინააღმდეგ.  

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კი საბჭო აცხადებს, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მყარი ჩარჩო. მისი მოწოდებაა, საქართველომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი. განსაკუთრებით, სრულად განხორციელდეს ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის მიერ წინა არჩევნების დროს გაცემული რეკომენდაციები. 

"საბჭო ხაზს უსვამს ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო არსებითად გაზრდის შესაბამისობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს, შემოაბრუნოს უარყოფითი ტენდეცია და განახორციელოს პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით. ეს იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული არჩევანის აშკარა ნიშანი", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ანგარიშში საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირი მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტოული მთლიანობის მიმართ.


close დახურვა